ყაზახეთი ხორბლის ექსპორტისა და ტრანზიტის სუბსიდირებას იწყებს, ქვეყნების ჩამონათვალში მოხდა საქართველოც. როგორც ოფიციალური უწყებები განმარტავენ, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი ელევატორული სიმძლავრეების გამოთავისუფლება და ჭარბი მარცვლეულის ბაზრიდან ამოღებაა, რათა ქვეყანაში მარცვლეულის დაგროვება თავიდან აიცილონ. საექსპორტო ხარჯის სუბსიდირება ხორბალზე მოხდება საქართველოშიც. კერძოდ, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საექსპორტო მიმართულება ტონაზე 20 ათასი ტენგეთი, ანუ 40 დოლარით დასუბსიდირდება. ამასთან, საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ტრანზიტით, შავი ზღვის პორტების მიმართულებით საექსპორტო ხარჯის სუბსიდია ტონაზე 30 ათას ტენგეს (60 დოლარს) შეადგენს. რა თქმა უნდა სუბსიდიის გადახდის წესი მარცვლეულის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯის შემცირებას ითვალისწინებს. მთლიანობაში რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ხორბლის საექსპორტო ხარჯის სუბსიდირებისთვის 40 მლრდ ტენგე (80,5 მლნ დოლარი) გამოიყოფა, რაც 2 მლნ ტონა ხორბლის ტრანსპორტირების ხარჯის ნაწილს აანაზღაურებს. სუბსიდია 1-ლი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებს ეხება და 1-ელ სექტემბრამდე მოქმედებს.მოგეხსენებათ, რომ საქართველო ხორბალს ძირითადად რუსეთში ყიდულობს, თუმცა 2024 წლის დეკემბერსა და 2025 წლის იანვარში იმპორტი ყაზახეთიდანაც განხორციელდა. საქსტატის მონაცემებით, დეკემბერში საქართველომ ყაზახეთში 367 ათასი დოლარის 1 610 ტონა ხორბალი იყიდა, იანვარში კი შესყიდული ხორბლის ღირებულება უკე 2 590 ტონამდე გაიზარდა. იმპორტის მონაცემებიდან ირკვევა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ყაზახური ხორბალი უფრო იაფი უჯდება, ვიდრე რუსული. დეკემბერ-იანვარში ეს სხვაობა ტონაზე დაახლოებით 15-20 დოლარი იყო, შესაბამისად, სუბსიდიის ეფექტის შემდეგ სხვაობა ფასში შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.