ჟენევაში გაიმართულ საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდზე საქართველოს დელეგაციამ რუსეთის ქმედებები დაგმო. საგარეო უწყების ცნობით, ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხებზე. „საქართველოს დელეგაციამ შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე, მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციაზე, და ამ კონტექსტში, ოჩამჩირეში რუსეთის უკანონო საზღვაო ბაზის მშენებლობისა და სოხუმის აეროპორტის ამოქმედების ფაქტებზე. ქართულმა მხარემ ასევე დაგმო საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა, რაც ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯებს წარმოადგენს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.