პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ შვიდი პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა მიიღო. საქმის პროკურორი განმარტავდა, რომ დაკავებულების მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე კვლავ არსებობდა. ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდნენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს გამოყენებას და დაკავებულების მიმართ შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგის დაწესებას სთავაზობდნენ. დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.