ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი მომლაპარაკებლები მომავალ კვირას საუდის არაბეთში აშშ-ს ოფიციალურ პირებს შეხვდებიან. ზელენსკის თქმით, ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის პარტნიორებთან შეერთებულ შტატებსა და ევროპაში უწყვეტ რეჟიმში იმუშაოს. ამასთან, პრეზიდენტმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უკრაინისთვის, უფრო ფართო და ყოვლისმომცველი მშვიდობისკენ სვლისთვის აუცილებელია. უკრაინის პრეზიდენტი საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებს თავდაპირველად გასულ თვეში უნდა შეხვედროდა, მაგრამ ზელენსკიმ ვიზიტი გადადო მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში 18 თებერვალს აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართა, სადაც კიევი არ იყო მიწვეული. პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარების საკითხში. ტრამპმა ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებს უკრაინის ომის დასრულებისკენ მიმართული მოლაპარაკებების შესახებ თავისი მოსაზრებები გაუზიარა და არნიშნა, რომ უკრაინას და რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომის გარდა სხვა გზა არ აქვთ.