ევროპული საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე ლიდერებმა ევროპული თავდაცვის შესახებ დასკვნები მიიღეს, რომლებიც ევროკავშირის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით მნიშვნელოვანი ფინანსური და ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს. ამასთან, ევროსაბჭოს სპეციალური შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბლოკი უკრაინას წელს 30.6 მილიარდ ევროს გადასცემს. ევროსაბჭო ხაზს უსვამს, რომ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე ფართო გავლენა აქვს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ომის დასრულება აუცილებელია ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის გზით, რომელიც გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზეა დაფუძნებული. დოკუმენტს მხარი ევროკავშირის 26 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა დაუჭირეს, უნგრეთმა კი თავი შეიკავა. ამასთან, არაფორმალური სხდომის დასრულების შემდეგ, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ უკრაინისთვის დამატებით 15 მილიარდი ევროს გამოყოფის პირობა დადო.