„ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“,- სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ტრენინგ-სემინარი გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სამდღიან ტრენინგ-სემინარს, ამჯერად სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტებიდან სხვადასხვა პროფესიის ქალები ესწრებიან. თეა ახვლედიანმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პროცესში ქალების როლისა და ეფექტიანი მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სემინარის ფარგლებში, 30 მონაწილე ამომწურავ და დეტალურ ინფორმაციას მიიღებს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა სამოქალაქო თანასწორობა, მედიაწიგნიერება, ევროინტეგრაცია, ასევე ქალთა უფლებების, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებისა და სხვა მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ.