უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით იუწყებვა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შავი ზღვიდან „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშია გამოცხადებული. ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ ქალაქში დარტყმა განხორციელდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტზე, შენობის ნანგრევებიდან ქალი ამოიყვანეს. შემთხვევის ადგილზე ხანძარიც გაჩნდა. დაზიანდა მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსი. ამ დროისთვის ცნობები ოთხი დაშავებულის შესახებ ვრცელდება. უკრაინის დაბომბვის გამო პოლონეთმა ავიაცია გაააქტიურა და სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა. ამასთან, რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ და გაზის ინფრასტრუქტურაზე, 7 მარტის ღამეს, მასიური სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის, ჰერმან გალუშჩენკოს თქმით, თავდასხმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის განადგურებას ისახავს მიზნად. დაბომბვის შედეგად ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების ობიექტები დაზიანდა. მაშველები და ენერგეტიკოსები შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ.