დაჯგუფება „ჰამასის“ წარმომადგენელმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ნებისმიერი ესკალაციური აგრესია პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ გატაცებულთა ნაწილის დახოცვას გამოიწვევს. ისრაელის ცნობით, „ჰამასს“ დღეისათვის 24 ცოცხალი მძევალი და 35 გარდაცვლილის ცხედარი ჰყავს. 19 იანვარს ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზა, 1-ელ მარტს ამოიწურა. თუმცა, მხარეებმა მეორე ფაზისთვის მოლაპარაკებების განახლება ვერ შეძლეს. ისრაელს დარჩენილი მძევლების დაბრუნება პირველივე ფაზის პირობებით სურს და ამისათვის ამ ფაზის გახანგრძლივებას ემხრობა, მაგრამ წინააღმდეგია „ჰამასი“, რომელსაც მეორე ფაზის დაწყება და ღაზის სექტორიდან ისრაელის შეიარაღებული ძალების გასვლა უნდა.