ბიძინა ივანიშივლის კრიპტოვალუტის მითვისება, "მტკვარი ჰესის" საქმე და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა - ეს იმ საქმეთა ჩამონათვალია, რომლებზეც გიორგი ბაჩიაშვილს, „თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს“, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. შესაბამისმა დეპარტამენტმა გიორგი ბაჩიაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის თაობაზე ინტერპოლს უკვე მიმართა. ასევე, ბრალი აღიარა შოთა ქარუმიძემ, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარა. საკითხს ეხმაურებიან როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვრის კვეთის დეტალებზე საუბრით ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცა. ისინი ბაჩიაშვილს კრიმინალს უწოდებენ. საპირისპირო აზრზე არიან ხელისუფლების ოპონენტები. მათი თქმით, ბაჩიაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთა მიანიშნებს, რომ სისტემა დაქცევის პირასაა.