შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში არსებულ პრობლემებზე კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა მარიკა არევაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მოქალაქეები ყოველდღიურად აწყდებიან სამართალდამცავთა მხრიდან სხვადასხვა დარღვევებს, მათ შორის, სამსახურებრივ გულგრილობას. არევაძე ასევე ყურადღებას ამახვილებს პარლამენტთან დამონტაჟებულ კამერებზე და აღნიშნავს, რომ მათი მონაცემების დამუშავების კანონიერება ბუნდოვანია. მისი თქმით, უცნობია, სად ინახება ეს მონაცემები, ასევე რამდენ ხანს და რამდენად კანონიერად გამოიყენება ისინი სამართალდარღვევის ოქმების გასაფორმებლად. არევაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, გაასაჩივრონ უსაფუძვლო სამართლებრივი გადაწყვეტილებები და, საჭიროების შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართონ.