საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე, გენო ადამიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. ადგილზე დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. გენერალ-მაიორი გენო ადამია საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური იყო. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგ, მან უარი თქვა დანებებაზე და მცირე ძალებით განაგრძობდა სეპარატისტებთან ბრძოლას. 28 სექტემბერს ის კელასურის ხიდთან ბრძოლაში დაიღუპა.