სირიის დედაქალაქ დამასკოში ასობით ადამიანი ქვეყანაში მიმდინარე ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა. დემონსტრანტების თქმით, ისინი ეროვნულ ერთიანობას და დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ. ამავდროულად, აქციის მონაწილეები გამოხატავენ სოლიდარობას დაღუპულთა ოჯახების მიმართ და ძალადობას ეწინააღმდეგებიან. მედიის ინფორმაციით, პარალელურად აქციას მართავდნენ მთავრობის მხარდამჭერები, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ შეკრებილ დემონტრანტებს დაუპირისპირდნენ. სირიის უსაფრთხოების ძალებმა დემონტრანტების დასაშლელად იარაღი ჰაერში გაისროლეს. მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა სირიაში ახალი მთავრობის ძალებსა და ასადის ალავიტური სექტის მებრძოლებს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას. ადამიანის უფლებათა სირიული სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციით, მოკლულია, სულ მცირე, 745 მშვიდობიანი მოქალაქე, სირიის მთავრობის უსაფრთხოების ძალების 124 წევრი და ასადის ლოიალისტებიდან 148 მებრძოლი. მოკლულებს შორის ალავიტი ქალები და ბავშვები არიან.