ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს მხარდამჭერები რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო ორგანოს შენობასთან პოლიციას დაუპირისპირდნენ. ისინი უსაფრთხოების კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. მანამდე ცენტრალურმა საარჩევნო ორგანომ ულტრამემარჯვენე კანდიდატ კალინ ჯორჯესკუს მაისში დაგეგმილი არჩევნების განმეორებით ტურში მონაწილეობა აუკრძალა. რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომლის პირველი ტური, ყველასთვის მოულოდნელად, 22%-ით ულტრამემარჯვენე კანდიდატმა მოიგო. რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე ორი დღით ადრე გააუქმა. მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს. მოგვიანებით, კორჯესკუმ განაცხადი განმეორებით არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე ოფიციალურად შეიტანა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ექვსი ბრალდებით, მათ შორის ფაშისტურ ორგანიზაციაში წევრობისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო მიმდინარეობს. ჯორჯესკუ ყველა ბრალდებას უარყოფს.