იანვარში მშენებლობის დარგში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი დაახლოებით 21%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში შემცირებულია მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.2 პროცენტით, ხოლო წინა წლის იანვართან შედარებით პირიქით 5.9 პროცენტით გაზრდილია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში, მშენებლობის ღირებულების ინდექსის წინა თვესთან შედარებით შემცირება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 21.3 პროცენტიანი კლებით, რამაც დაახლოებით 4 პროცენტული პუნქტით შეამცირა ჯამური ინდექსი. რაც შეეხება ერთწლიან პერიოდში მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდას, ეს ცვლილებაც უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 22 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.6 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად გავლენა იქონია ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი თითქმის 20%-ით არის გაზრდილი.