უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების განცხადების თანახმად, ოფიციალური კიევი ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და სამხედრო დახმარებას აღადგენს. ერთობლივი განცხადების თანახმად, დელეგაციებმა ასევე ჰუმანიტარული დახმარების, სამხედრო ტყვეების გაცვლის, სამოქალაქო პირების გათავისუფლებისა და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხები განიხილეს. შეერთებულმა შტატებმა ამ კონკრეტული წინადადებების რუსეთის წარმომადგენლებთან განხილვის ვალდებულება აიღო. უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროპელი პარტნიორები სამშვიდობო პროცესში ჩართული იქნებიან. ხაზი გაესვა იშვიათ მინერალებზე შეთანხმების საკითხსაც. დელეგაციების ცნობით, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტს ხელი მოკლე ვადაში მოეწერება. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში კიდევ ერთხელ მიიწვევს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმითვე, რუსეთთან შეხვედრას დღეს ან ხვალ გამართავს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ადასტურებს, რომ ოფიციალური მოსკოვისა და აშშ-ის ლიდერები ერთმანეთთან კომუნიკაციას უახლოეს დღეებში შეძლებენ. ტრამპის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა საუდის არაბეთში მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო დღეებში საუბარი ექნება რუს კოლეგასთან, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. ხუთშაბათს თეთრ სახლში დაგეგმილია ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტიც. აქვე გეტყვით, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის , ინფორმაციით, აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების მიწოდება უკვე აღუდგინა.