საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგები - ოფიციალური კიევი ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და სამხედრო დახმარებას აღადგენს. მოლაპარაკებების მონაწილე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე, პავლო პალისა აცხადებს, რომ აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების მიწოდება უკვე აღუდგინა. საუდის არაბეთში, დელეგაციებმა ჰუმანიტარული დახმარების, სამხედრო ტყვეების გაცვლის, სამოქალაქო პირების გათავისუფლებისა და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხებიც განიხილეს. შეერთებულმა შტატებმა ამ კონკრეტული წინადადებების რუსეთის წარმომადგენლებთან განხილვის ვალდებულება აიღო. უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროპელი პარტნიორები სამშვიდობო პროცესში ჩართული იქნებიან. ხაზი გაესვა იშვიათ მინერალებზე შეთანხმების საკითხსაც, რომელსაც აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები ხელს მოკლე ვადაში მოაწერენ. მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან ევროპელი ლიდერები, საკითხს ეხმაურება რუსული მხარეც.