სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი „უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსი“ დასრულდა. პროექტში საქართველოს 60 მოქალაქე მონაწილეობდა. პროექტის მონაწილეებს ერთი თვის განმავლობაში უშუალო კომუნიკაცია ჰქონდათ უსაფრთხოების სფეროს პირველ პირებთან და დარგის წამყვან ექსპერტებთან. შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელმა პირებმა მსმენელებს გააცნეს მათ შორის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურების სპეციფიკა, კონტრტერორისტული ცენტრის საქმიანობა, ოკუპაცია და მასთან დაკავშირებული საფრთხეები.