საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგები - ოფიციალური კიევი ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა. აშშ-მ შეხვედრისას გაცემული პირობის შესრულება დაიწყო და უკრაინისათვის სადაზვერვო ინფორმაციის შეჩერების პროცესი დაასრულა. შესაბამისი ბრძანება დონალდ ტრამპმა გასცა. საუდის არაბეთში აშშ-ს დელეგაციამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინისათვის სამხედრო დახმარებას აღადგენს. ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილე, პავლო პალისა, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა აცხადებს, რომ შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების მიწოდება უკვე აღუდგინა. უახლოეს პერიოდში იგეგმება აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრაც, რათა 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება განიხილონ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისმა ქვეყანამ იცის, როგორ არ წავიდეს კომპრომისებზე. მოსკოვი მოლაპარაკებებისას საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ითხოვს და ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარების განლაგებას „არავითარ შემთხვევაში“ არ დათანხმდება.