ქართული ოცნება“ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს. რეგულაციების ინიციატორები ცვლილებების მიზეზად „ლიბერალური ნარკოპოლიტიკის“ შედეგად წარმოშობილი პრობლემების აღმოფხვრის აუცილებლობას ასახელებენ. მათივე განცხადებით საკანონმდებლო ცვლილებები კომპლექსურ მიდგომას დაეფუძნება და მათი მიზანი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება იქნება. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ნარკოდამოკიდებულება სოციალური სენია, რომელზე პასუხისმგებლობაც ბიძინა ივანიშვილს, ხელისუფლებასა და კორუფციას ეკისრება. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ახალი რეგულაციები აქტივისტების დევნის იარაღად იქცეს. დაანონსებული ცვლილებების მიხედვით, ნარკოტიკის, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მოხმარება ან შემოწმებისთვის თავის არიდება 2 000 ლარამდე ჯარიმას ან 60 დღემდე პატიმრობას გამოიწვევს.