პროკურატურამ საერთოდ, უარი თქვა გარკვეული წონის მქონე ბრალდების წარმოდგენაზე, ფაქტობრივად, ჩვენზე გადმოიტანა ტვირთი, ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, არის თუ არა მტკიცებულება უკანონოდ მოპოვებული , - ამის შესახებ საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ბრალდებულმა, ზვიად ცეცხლაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც ცეცხლაძემ აღნიშნა, სასამართლოსთან მიმართ მისი შეხედულება არის ერთადერთი, რომ მისმა პატიმრობაში ყოფნამ, ხაზი გადაუსვა მის იურიდიულ განათლებას.
“პროკურატურამ საერთოდ უარი თქვა მტკიცებულების მოტანაზე. მტკიცებულების ტვირთი მთლიანად ბრალდებულებზე გადაიტანა. ბრალდებულს უნდა ემტკიცებინა, რომ ის არ იყო დამნაშავე და პროკურატურის მხრიდან არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა იყო და რა არ იყო წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში, პარალელს იმას ვხედავ, რომ პროკურატურამ საერთოდ უარი თქვა გარკვეული წონის მქონე ბრალდების წარმოდგენაზე და ფაქტობრივად, ჩვენზე გადმოიტანა ტვირთი, რომ ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, უკანონოდ არის თუ არა მოპოვებული მტკიცებულება, ან რის შესახებ არის ეს მტკიცებულება და ა.შ.
ეს არ არის თანასწორთა შორის კამათი. ეს არის დავის პოზიციაში ყოფნა. ჩვენ ვიცავთ თავს და ვამტკიცებთ, რომ ეს მტკიცებულება შეუფერებელია და ა.შ.
ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლოს შემოქმედები, როდესაც პრეცედენტულ “ქეისებზე” არის საუბარი, მსგავს პრეცედენტებს უშვებენ… ცუდ პრეცედენტს ქმნის პროკურატურის მხრიდანაც. ძალიან სავალალო მდგომარეობაში აყენებს ადვოკატებს, რომლებსაც უწევთ იმის დასაბუთება, რომ აბსურდი არის აბსურდი!”, - განაცხადა ზვიად ცეცხლაძემ.
ცნობისთვის, მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით 8 პირი დააკავა.
დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.