ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩინეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი ოთხჯერ არის გაზრდილი. კვლევას ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს. 2013-2024 წლებში ჩინეთის მოქალაქეებმა საქართველოში 1 893 კომპანია დაარეგისტრირეს, რაც 4-ჯერ აღემატება 1995- 2012 წლების მაჩვენებელს. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო 12 წლის განმავლობაში, საქართველო-ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2003-2012 წლებში ჩინეთიდან 132 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, 2013-2024 წლებში კი 5-ჯერ მეტი - 655 მლნ დოლარი. 2012 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან 640 მლნ დოლარი იყო, აქედან 26 მლნ ექსპორტი, ხოლო 614 მლნ იმპორტი. 2024 წელს კი სავაჭრო ბრუნვა უკვე 3-ჯერ გაიზარდა და 1 მილიონ 916 ათასი დოლარი შეადგინა, საიდანაც 303 მლნ ექსპორტზე, ხოლო 1 მილიონ 613 ათასი დოლარი იმპორტზე მოდიოდა. 2012 წელს ჩინეთიდან 7 633 ვიზიტორი შემოვიდა, 2024 წელს კი 12-ჯერ მეტი - 88 583 ვიზიტორი. „ჩინურმა კომპანიებმა ასობით მლნ დოლარის ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელეს მთავრობის დაკვეთით. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორად კორუფციული სკანდალებით ცნობილი და აშშ-ს მთავრობის შეზღუდვების ქვეშ მყოფი ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი შეარჩია. 2023 წლის ივლისში საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებში თანამშრომლობას მოიცავს,” - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში.