რუსეთთან გვაქვს გაცხოველებული ვაჭრობა, აკრძალვების მიუხედავად. თუ რუსულ ანალიტიკურ სააგენტო „ავტოსტატს“ დავუჯერებთ, რუსეთში იმპორტირებული მეორადი მანქანების 7.5% საქართველოზე მოდის. მაშინ, როდესაც ოფიციალური სტატისტიკით საქართველოდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი ფაქტობრივად, განულებულია, [სანქციების გამო] სხვა რამეს ამბობს რუსული ანალიტიკური სააგენტო. მათი კვლევით, მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში, რუსეთში მეორადი ავტომობილების 7.5% საქართველოდან შევიდა, ხოლო ახლების შემთხვევაში წილი 0.8%-ს შეადგენდა. ამავე ორგანიზაციის კვლევით, იანვარში ძველ ავტომობილებში საქართველოს წილი 5.9%-ს იყო. რაოდენობრივად რომ ავიღოთ, მხოლოდ თებერვალში რუსეთში საქართველოდან 1 388 ერთეული მეორადი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა.
თებერვალში რუსეთში ყველაზე მეტი ახალი ავტომობილი ჩინეთიდან შევიდა, რომლის წილმაც იმპორტში, თითქმის, 81% შეადგინა. მეორე ადგილზე ყირგიზეთია (6,6%), ხოლო სამეულს ბელარუსი ხურავს (5,2%).
მეორადი ავტომობილების სეგმენტში იაპონია ლიდერობს, რომლის წილმაც თებერვლის იმპორტში 53% შეადგინა. მეორეზე სამხ.კორეა (20,0%), მესამეზე კი ჩინეთია (9,6%).