კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი თანახმაა, უკრაინასთან ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე, თუ კრიზისის ძირეული მიზეზები აღმოიფხვრება. პუტინის თქმით, „იდეა კარგია“, მაგრამ არის „ნიუანსები“, რომლებიც განხილვას საჭიროებს. რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საჭიროა მოლაპარაკებები ამერიკელებთან. მისივე თქმით, შესაძლოა სატელეფონო კომუნიკაცია პრეზიდენტ ტრამპთანაც შედგეს. ვლადიმერ პუტინის განცხადებას აშშ-ს პრეზიდენტი გამოეხმაურა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, პუტინმა ძალიან პერსპექტიული განცხადება გააკეთა, მაგრამ ის სრული არ იყო. ტრამპის თქმითვე, მზადაა რუსეთის პრეზიდენტთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბროს. მისივე განცხადებით, აშშ უკრაინასთან ტერიტორიებთან დაკავშირებული, მათ შორის, ელექტროსადგურის საკითხიც განიხილა. ტრამპმა, უკრაინის ნატო-სთან დაკავშირებულ პოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამაზე პასუხი ყველამ იცის. რაც შეეხება უკრაინის პოზიციას, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინი ფაქტობრივად უარს ამზადებს და ეშინია პრეზიდენტ ტრამპისთვის პირდაპირ თქმა, რომ ამ ომის გაგრძელება სურს. ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადებას "მანიპულაციური" უწოდა.