89 ხმით 3-ის წინააღმდეგ, - საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია საბოლოოდ დამტკიცებულია. მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის რეზოლუციის პროექტი და ის გზავნილები, რაც მასშია ასახული, სრულად გამოხატავს საქართველოში არსებულ ვითარებას. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არის პასუხი რეპრესიულ და არადემოკრატიულ ნაბიჯებზე, რომელსაც მათი თქმით, ქართული ოცნება ყოველდღიურად დგამს. რეზოლუციაში არსებული ჩანაწერები მიუღებელია ქართული ოცნებისთვის. სახელისუფლებო გუნდი თვლის, რომ ევროპის საბჭოს საქართველოსთან მიმართებით უსამართლო დამოკიდებულება აქვს.