პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფას და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყების - რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირა.
მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი 15 აპრილის სხდომაზე, პირველი მოსმენით - 81 ხმით, ერთხმად მიიღეს.
„მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები რეგიონული განვითარების მიმართულებით - რეგიონული განვითარების სამინისტროს, ხოლო ინფრასტრუქტურული მიმართულებები - ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.
რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქტივებისა და ვალდებულებების მართვას, მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც სამინისტროს საბალანსო მონაცემებს და სამსახურებრივ დოკუმენტაციას ორი სამინისტროს უფლებამოსილების შესაბამისად გაანაწილებს. ასევე სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით განისაზღვრება რომელ სამინისტროებში გააგრძელებენ მუშაობას დღეს მოქმედი სამინისტროს თანამშრომლები.
კომიტეტის წევრებმა რიგ საკითხებზე - დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემდგომ განხორციელებაზე, სხვადასხვა სამინისტროს მიერ რეგიონული პოლიტიკის კოორდინაციის მიმართულებებზე, მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ პროექტებზე და დასაქმებულ პირთა ახალ სამინისტროებში გადანაწილების პრინციპზე საკითხზე მომხსენებელს კითხვებით მიმართეს და მისგან განმარტებები მოისმინეს.
საკითხის განხილვის შემდეგ, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.