შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ექსპრემიერი გიორგი გახარია რამდენიმე დღეა კრიტიკის სამიზნეა, როგორც "ქართული ოცნების" ასევე ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ გახარიამ შეცდომა დაუშვა,როდესაც ის საკანონმდებლო ორგანოში მივიდა და დროებით საგამოძიებო კომისიასთან ითანამშრომლა. მათივე თქმით, ყოფილმა პრემიერმა ქართული ოცნების მიერ დადგმულ შოუში მიიღო მონაწილეობა. აზრთა სხვადასხვაობაა თავად გახარიას გუნდში. პარტია გახარია საქართველოსთვის წევრების ნაწილი აცხადებს, რომ ყოფილმა პრემიერმა ქართული ოცნება მათივე მოედანზე დაამარცხა. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გახარიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადება არასწორი ნაბიჯი იყო. დიმიტრი ცქიტიშვილი წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში მიღებულ შეთანხმებას იხსენებს, რომლის მიხედვითაც ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომაგდენლებს არ უნდა ეთანამშრომლათ დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან. აქედან გამომდინარე ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიზანშეწონილი არ იყო . რაც შეეხება სახელისუფლებო გუნდს, ქართული ოცნების ლიდერები გიორგი გახარიას აგენტს უწოდებენ და აცხადებენ, რომ პრემიერ მინისტრობის დროს ის უცხო ქვეყნის მითითებებით მოქმედებდა.