რიყის დოქები კიდევ ერთხელ გაიყიდა. ამჯერად არშემდგარი ხელოვნების ცენტრი ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა გაყიდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, დაუსრულებელი შენობის ახალი მფლობელი შპს „რიყე დომ“ გახდა. როგორც სამეწარმეო რეესტრიდან ჩანს, „რიყე დომ“ 2025 წლის მარტში დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ ნ.გ.ბ“ არის, რომლის მესაკუთრე და დირექტორი თორნიკე კოპალიანია. უძრავი ქონების რეესტრის მიხედვით, ახალმა მესაკუთრემ რიყის დოქების ღირებულება განვადების წესით უნდა დაფაროს. „მყიდველს უფლება არ აქვს გამყიდველის თანხმობის გარეშე ნასყიდობის საფასურის გადახდამდე იპოთეკით დატვირთოს ნასყიდობის საგანი“,- აღნიშნულია ხელშეკრულებაში. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მიერ აუქციონზე არაერთხელ გამოტანილი „რიყის დოქები, 2022 წლის მარტში ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-მა 10 მილიონ ლარად იყიდა. ბიზნესმენის კომპანიას 2025 წლის 24 მარტამდე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და ღვინის დოქების ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი უნდა გაეხსნა. თუმცა უკვე 2022 წლის დეკემბერშივე თავად ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ობიექტის 50%-ს ყიდდა, თუმცა ამ დრომდე „რიყის დოქები“ სრულად კვლავ მის მფლობელობაში იყო. „რიყის დოქების“ მშენებლობა 2012 წელს დასრულდა. შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანზე ირიცხებოდა. თავდაპირველად იქ ხელოვნების ცენტრი და მუსიკისა და დრამის თეატრი უნდა განთავსებულიყო, მოგვიანებით კი ხელმოწერები გროვდებოდა შენობაში ღვინის მუზეუმის გახსნის მოთხოვნით. წლების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მისი გაყიდვა გადაწყვიტა.