ქართული ბიგმაკის ინდექსი ისევ გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხაჭაპურის მომზადება ისევ გაძვირდა. ამ წლის აპრილში, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.1%-ით უფრო ძვირი ჯდება. თუმცა, ფასები დაახლოებით 4,5%-ით შემცირებულია წინა თვეესთან, ანუ მარტთან შედარებით. ISET-ის კვლევის მიხედვით, ერთი ხაჭაპურის მომზადება აპრილში საშუალოდ 6 ლარი და 62 თეთრი ჯდებოდა. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, წლიურად, ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ინგრედიენტების უმეტესობაზე: ყველზე 15.3%-ით, საფუარზე 15.2%-ით. გაძირდა ასევე რძე, კვერცხი და კარაქი. „ფქვილი ერთადერთი გამონაკლისი იყო, რომლის ფასიც წინა წელთან შედარებით 9.5%-ით შემცირდა. ეს კლება ასახავს ხორბლის საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ტენდენციებს. ხორბლის ფასი 2024 წლის ბოლომდე სტაბილურად მცირდებოდა, 2025 წლის იანვარში მცირედით გაიზარდა, თებერვალში პიკს მიაღწია და მას შემდეგ კვლავ ეცემა. აღწერილი ცვალებადობის მიუხედავად, საერთო ტენდენცია მიუთითებს, რომ ხორბლის ფასი წელს მნიშვნელოვნად დაბალია, გასულ წელთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე გლობალური დინამიკა გავლენას მოახდენს საქართველოზე მომდევნო თვეების განმავლობაში, რადგან საერთაშორისო ფასების ცვლილებებს, როგორც წესი, გარკვეული დრო სჭირდება ადგილობრივ ბაზარზე გავლენის მოსახდენად“, - ნათქვამია კვლევაში. თუმცა, როგორც ხედავთ ხორბლის გაიაფებამ მაინც ვერ იქონია ხაჭაპურის მომზადების ფასზე და მისი მომზადება წლიდან წლამდე სულ უფრო ძვირი გვიჯდება.