მარტში ბინების გაყიდვები დაახლოებით 11%-ით შემცირდა. ხოლო ახალ პროექტებში, რომელიც წელს დასრულდება, ბინების 79% უკვე გაყიდულია. „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის მიხედვით, ამ წლის მარტში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 078 შეადგინა, რაც წინა წლის მარტის გაყიდვებზე 2.9%-ით მეტია. რაც შეეხება ჯამურად პირველ კვარტალს, თბილისში სულ 9 286 ბინა გაიყიდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამაც 671 მილიონი დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ წელს, 3 თვეში გაყიდული ბინების რაოდენობა, 2024 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე 1.1% -ით ნაკლებია. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ აპრილში გაზარდეს გამოკითხული კომპანიების რაოდენობა და ჩაატარეს 20 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 90-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს თბილისში, რაც ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 40%-ია. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, გამოიკვეთა, რომ 2025 წლის მარტში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 11.3%-ით შემცირდა, ხოლო გაყიდული ბინების ფართობი შემცირდა 6.3%-ით. „კლების ძირითადი გამომწვევი ფაქტორი შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის გამო ბაზარზე გაუარესებული სენტიმენტებია, რაც მყიდველებს მოთხოვნის გადავადებისკენ უბიძგებს“ -ნათქვამია კვლევაში. ამავე ანგარიშის თანახმად, პროექტებში, რომლებიც წელს სრულდება, ბინების 79% უკვე გაყიდულია. ამასთან, გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებულ შიდა განვადებაზე მოდის. ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ისრაელის მოქალაქეების წილი და 2025 წლის პირველ კვარტალში ჯამური გაყიდვების 13% შეადგინა. „ეს ტენდენცია დიდწილად განპირობებულია თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის საინვესტიციო მიმზიდველობით,“- ვკითხულობთ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში.