საქართველოში მშენებლობა ისევ გაძვირდა - Palitra News

საქართველოში მშენებლობა ისევ გაძვირდა

2025-05-08 13:50:18+04:00

საქართველოში მშენებლობა ისევ გაძვირდა. როგორც საქსტატი ამბობს, ძირითადი მიზეზი, მშენებლობაზე დასაქმებულების ხელფასის ზრდა გახდა. უფრო დეტალურად კი, ამ წლის მარტში, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 6.3 პროცენტით. მათ შორის, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიზარდა საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი, დაახლოებით 10%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით ყველაზე მეტად არასაცხოვრებელი სეგმენტის მშენებლობის ღირებულებაა გაზრდილი. როგორც უკვე გითხარით, მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსის მატება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 11.7 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.2 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. რაც შეეხება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებას, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 22 პროცენტით გაიზარდა, სამშენებელო მასალები კი 2.7 პროცენტით გაძვირდა, რამაც შესაბამისად თავისი წვლილი შეიტანა მშენებლობის ინდქსის ზრდაში და გამომდინარე აქედან გაძვირებაში.