ეროვნული ბანკის განცხადებით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 208 მლნ დოლარით გაიზარდა და 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ბანკების მთავარი მაკონტროლებელი ამბობს, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია და შესაბამისად, ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. სებ-ის განცხადებით რეზერვების შევსება გრძელდება, ასე მაგალითად მარტის მონაცემებით, 101 მილიონ 700 ათასი დოლარის წმინდა შესყიდვა განხორციელდა, ხოლო აპრილის სტატისტიკა 27 მაისს გამოქვეყნდება. აპრილის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.8% შეადგენს, მისი ჯამური ღირებულება კი 757 მლნ დოლარს აჭარბებს. ოქროს ფასის ზრდის გამო, აპრილის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, რეზერვების მოცულობა თითქმის 43 მლნ დოლარით გაიზარდა.