ანდრეი სიბიგა - როგორც მოსალოდნელი იყო, პუტინის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტა“ ფარსი აღმოჩნდა - რუსული ძალები ფრონტის ხაზზე შეტევას აგრძელებენ - Palitra News

ანდრეი სიბიგა - როგორც მოსალოდნელი იყო, პუტინის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტა“ ფარსი აღმოჩნდა - რუსული ძალები ფრონტის ხაზზე შეტევას აგრძელებენ

2025-05-08 15:01:28+04:00

როგორც მოსალოდნელი იყო, პუტინის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტა“ ფარსი აღმოჩნდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ჩვენი სამხედრო მონაცემებით, პუტინის განცხადებების მიუხედავად, რუსული ძალები ფრონტის ხაზზე შეტევას აგრძელებენ. რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 734-ჯერ დაარღვია და 63 თავდასხმითი ოპერაცია განახორციელა“, - წერს ანდრეი სიბიგა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შესახებ უკრაინა აშშ-სა და ევროპელ პარტნიორებს ინფორმაციას უზიარებს.

„უკრაინა კვლავ მზადაა 30-დღიანი სრული ცეცხლის შეწყვეტისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების მიღებისთვის, რაც სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ რეალური გზების პოვნას ხელს შეუწყობს“, - აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც, მისი თქმით, 8-10 მაისს იმოქმედებს.