საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის სამივე მოსმენით მიღებას მომდევნო სასესიო კვირას აპირებს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა რეგლამენტის პროექტს მესამე მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ცვლილებები დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა. კანონპროექტის თანახმად უქმდება მინისტრის საათი და იზრდება ინტერპელაციების რაოდენობა. ახალი რეგლამენტით, ინტერპელაცია სასესიო კვირის ყოველ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება დეპუტატებს კი საშუალება ექნებათ სხვადასხვა საკითხზე შესაბამისი პასუხისმგებელი პირი დაიბარონ და შეკითხვები დაუსვან. რეგლამენტის ახალი პროექტით მუდმივმოქმედ საბჭოებს დროებითი კომისიები ჩაანაცვლებს. იცვლება საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის წესიც. ახლებურად ჩამოყალიბდა ზოგიერთი კომიტეტის სახელწოდება და ზუსტდება ბოიკოტის მექანიზმის გამოყენების წესიც. სახელისუფლებო გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ ახალი რეგლამენტი პარლამენტის საქმიანობას უფრო ეფექტიანს გახდის.