„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. ამის მიზეზი პროცესზე ნიკა გვარამიას გამოუცხადებლობა გახდა. მომავალი პროცესი 13 ივნისს, 11:00 საათზე დაიწყება. მოსამართლის განმარტებით, დაცვის მხარემ შემდეგ სხდომაზე ნიკა გვარამიას გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით შესაბამისი ცნობები უნდა წარმოადგინოს. როგორც გვარამიას ადვოკატმა ქეთევან ჩომახაშვილმა განაცხადა, გვარამია პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრაზე იმყოფება, რის გამოც ის დღევანდელ სხდომაზე ვერ გამოცხადდა. ჩომახაშვილის განმარტებით, გვარამიას პარტიის ორი წევრი პატიმრობაშია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრებზე სწორედ გვარამია იმყოფება, რის გამოც, მისი გამოუცხადებლობა საპატიოდ უნდა ჩაითვალოს.
ბრალდების მხარის განმარტებით, პროცესის გადადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლოს უნდა მიეღო, თუმცა, პროკურორებმა გვარამიას მხრიდან სხდომის გაჭიანურებასთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვეს.