თურქეთში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა შედგა - სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ფარგლებში, რუსეთმა უკრაინას წერილობითი მემორანდუმი გადასცა, რომლის შინაარსიც რუსულმა მედიამ დეტალურად გაავრცელა. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი საერთაშორისო დონეზე ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების რუსეთის შემადგენლობაში აღიარებას ითხოვს. ასევე მემორანდუმში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის თანხმობის შემთხვევაში დასახელებული რეგიონებიდან უკრაინამ საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს და უცხოური სამხედრო დახმარების მიწოდება და ჯარების ხელახალი მობილიზაცია შეეზღუდოს. რუსეთის მხრიდან წარდგენილი პირობების მიხედვით, უკრაინამ ნეიტრალური და არაბირთვული სტატუსი უნდა შეინარჩუნოს, უარი თქვას სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე და საკუთარი შეიარაღებული ძალების მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვროს.