ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება - Palitra News

ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

2025-06-05 14:47:51+04:00

ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, რუბლში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 53 მილიონ ლარზე მეტია. აღსანიშნავია, რომ აპრილის მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით თითქმის 56%-ით ნაკლებია. მარტში, ბანკებში განთავესებული რუბლში დეპოზიტები 121 მლნ ლარს აჭარბებდა.

ამავე სტატისტიკით, აპრილში, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში რუსული რუბლის წილი მხოლოდ 0.17%-ი იყო.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ყველაზე დიდი წილი 79.63%, ამერიკულ დოლარზე მოდის, რაც თანხობრივად 24 მილიარდ ლარზე მეტია. შემდეგ თითქმის 19%-იანი წილი დეპოზიტებში ევროს უჭირავს, დაახლოებით 6 მილიარდი ლარი. მომდევნო პოზიციებს კი დეპოზიტების წილობრივ გადანაწილებაში გირვანქა სტერლინგი,

შვეიცარიული ფრანკი და ჩინური იუანი ინაწილებენ. რაც შეეხება მთლიან მონაცემებს, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის აპრილის ბოლოსათვის 58 მილიარდ 780 მილიონი ლარი შეადგინა, რაც თითქმის 400 მილიონი ლარით მეტია წინა თვის, ანუ მარტის მაჩვენებელზე. დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 10.15% შეადგინა. აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 6.39% იყო. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.43% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.71%