ბიზნეს სექტორის ბრუნვამ 56 მლრდ ლარი შეადგინა, საიდანაც 70% მსხვილ კომპანიებზე მოდის - Palitra News

ბიზნეს სექტორის ბრუნვამ 56 მლრდ ლარი შეადგინა, საიდანაც 70% მსხვილ კომპანიებზე მოდის

2025-06-05 14:49:04+04:00

ბიზნეს სექტორის ბრუნვამ 56 მლრდ ლარი შეადგინა, საიდანაც 70% მსხვილ კომპანიებზე მოდის. ამ წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 14.5%-ით გაიზარდა და როგორც უკვე გითხარით 56 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში მისი მოცულობა თითქმის 21 მილიარდი ლარი იყო, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.6%ით მეტია. როგორც უკვე გითხარით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის 70.6% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 13.5% - საშუალოზე, ხოლო 15.9% - მცირე ბიზნესზე. თუმცა, საქსტატი აღნიშნავს, რომ განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 48.6%, საშუალოზე - 23.1%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 28.3%. ამავე მონაცემებით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 771 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.9%-ით მეტია. საინტერესოა, რომ ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 35.9 % მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილზეა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 32.7 %-ანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 7.1%-ით, მშენებლობა - 5%-ანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4.7%-ით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.4%-ით, ხოლო 10.2 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.