საპროტესტო აქციაზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის დღევანდელი სასამართლო სხდომა დასრულდა და მომდევნო პროცესი 11 ივნისს გაიმართება. პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 6 მოწმე დაიკითხა. თითოეული მათგანი ამტკიცებს, რომ ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე, აღნიშნული პირების მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა. როგორც ცნობილია, პროკურატურას საქმეში 25-წამიანი ვიდეო აქვს წარმოდგენილი, რომელშიც, მათივე მტკიცებით, ერთ-ერთი ბრალდებული, ნიკოლოზ ჯავახიშვილი პოლიციელებს სხვადასხვა ნივთებს ესროდა. ამავდროულად, ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ აღნიშნულ კადრში პოლიციელები საერთოდ არ ჩანან.