პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციები 200 მილიონ დოლარზე ნაკლები იყო - Palitra News

პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციები 200 მილიონ დოლარზე ნაკლები იყო

2025-06-10 13:42:16+04:00

პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციები 200 მილიონ დოლარზე ნაკლები იყო. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ამ წლის I კვარტალში 179 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 7.7 პროცენტით ნაკლებია. კლება სააქციო კაპიტალის და ფინანსური ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებამ გამოიწვია. ამ წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 62 მლნ. დოლარს მცირედით გადააჭარბა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6 პროცენტია. რეინვესტიციამ 150 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი ინვესტიციებში 83.6 პროცენტი იყო. 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები არიან: ჩეხეთი, აშშ, თურქეთი,

ვირჯინიის კუნძულები და აზერბაიჯანი. ათეულში ხვდებიან ასევე

მარშალის კუნძულები, ნიდერლანდები, რუსეთი, ისრაელი და მალტა.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში შემოვიდა და 70 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი - 52.3 მლნ დოლარით , ხოლო მესამეზეა დამამუშავებელი მრეწველობა 27.5 მლნ დოლარით. ხუთეულში შედის ასევე მშენებლობა და ტრანსპორტი.