საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში - უწყების ეფექტურობის გაძლიერება თუ დასავლეთის სანქციების შედეგი? ცვლილებების თაობაზე მხარეთა პოზიციები ამ ორი შეხედულების გარშემო ერთიანდება. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურის გელა გელაძით ჩანაცვლების შემდეგ ცვლილებები თავად ახალი მინისტრის მიერ განხორციელდა. ოპოზიციაში კი ირწმუნებიან, რომ რეალური მიზეზი სანქციები და შიდა დაპირისპირებაა. ზვიად ხარაზიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა. ხარაზიშვილს აღნიშნულ თანამდებობაზე რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა ვაჟა სირაძემ. ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. ეს უწყებაში განხორციელებული ცვლილებების მხოლოდ ნაწილია.