ადვოკატი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სხვადასხვა საკანში იმყოფებიან - არიან მხნედ და მოტივირებულები - Palitra News

ადვოკატი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სხვადასხვა საკანში იმყოფებიან - არიან მხნედ და მოტივირებულები

2025-06-24 16:03:27+04:00

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საბრძოლო განწყობა აქვთ, მხნედ არიან და მოტივირებულები, - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერების - მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ლევან სამუშიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომელმაც დღეს ოპოზიციონერი ლიდერები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.

როგორც სამუშიამ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „ცალ-ცალკე საკანში იმყოფებიან“.

„მხნედ არიან, მოტივირებულები არიან იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკურ ტყვეობაში არიან. საბრძოლო განწყობა აქვთ, იმედიანად არიან, რომ საქართველო გათავისუფლდება და ქვეყანა მიაღწევს დემოკრატიზაციას და ქართულ რელსებზე დაბრუნებას. ცალ-ცალკე საკანში იმყოფებიან“, - აღნიშნა სამუშიამ.

ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ 23 ივნისს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მათ 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამასთან, აეკრძალათ თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.