საქართველოს მოსახლეობის 34% თბილისში ცხოვრობს. საქსტატი წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 კაცი შეადგინა, საიდანაც 53 პროცენტი ქალია, ხოლო 47 პროცენტი კაცი. დემოგრაფიული სტატისტიკა რამდენიმე საინტერესოა მიკვლევის შესაძლებლობას იძლევა. ასე მაგალითად, ქალების წილი შედარებით მაღალია თბილისსა და ქუთაისში, ხოლო შედარებით დაბალია მცხეთის, ხარაგაულის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2 423 000 კაცი, ანუ მთელი მოსახლეობის 62 პროცენტი ცხოვრობს ქალაქის ტიპის დასახლებებში, ხოლო 1 491 000 კაცი, ანუ დანარჩენი 38 პროცენტი კი სოფლად. რეგიონების მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, თბილისის გარდა, მაღალია აჭარაში, რაც განპირობებულია ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით, ხოლო შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში. მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34 პროცენტი. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებს იმერეთი, სადაც მთელი მოსახლეობის თითქმიის 13%-ია თავმოყრილი და ქვემო ქართლის რეგიონი, სადაც მოსახლეობის 11.2 % მკვიდრობს.