სარემონტო და სამშენებლო მასალების სექტორი იზრდება, თუმცა იზედება მათი ფასიც. როგორც „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევიდან ვიგებთ, სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის შემოსავალმა გასულ წელს 5.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 9.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ყველაზე მეტი შემოსავალი გასულ წელს სარემონტო მასალების ქვესექტორს ჰქონდა და 2.5 მილიარდ დოლარს მიაღწია, ეს კი მაშინ, როცა მხოლოდ სამშენებლო მასალების ქვესექტორის შემოსავლები 2.1 მილიარდი დოლარი იყო. ამავე დროს, 600 მილიონ დოლარს მიაღწია საყოფაცხოვრებო ტექნიკის შემოსავლებმა, ხოლო ავეჯის ქვესექტორის შემთხვევაში შემოსავლები ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამავე კვლევის მიხედვით, 2024 წელს სამშენებლო მასალების სექტორში ძირითადი შემოსავლები ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე მოდიოდა და მისი წილი 66.7%-ს შეადგენდა. ამას ხელი შეუწყო იმან, რომ ამ ტიპის პროდუქციის ტრანსპორტირება და მასთან დაკავშირებული ხარჯი მაღალია, რაც იმპორტს არამომგებიანს ხდის. თუმცა, სარემონტო მასალების შემთხვევაში, უდიდესი წილი - 82.3% იმპორტულ საქონელზე მოდის. მაღალია იმპორტის წილი ავეჯის შემთხვევაშიც - 76.7%. საყოფაცხოვრებო ტექნიკის შემოსავლები, ფაქტობრივად, იმპორტზეა დამოკიდებული - 96.3%-ით. ტექნიკის მიმართულებით ერთადერთი ადგილობრივად წარმოებული პროდუქტი წყლის გამაცხელებლებია, რომლებიც უმეტესწილად ექსპორტზე გადის. ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში გასულ წელს სამშენებლო და სარემონტო მასალების უდიდესი ნაწილის იმპორტი თურქეთიდან შემოდიოდა, მას მოსდევს ჩინეთიდ და რუსეთი. საკმაოდ დიდი რაოდენობის სამშენებლო და სარემონტო მასალა, 6,7% მთელი იმპორტის შემოგვაქვს ასევე ირანიდან. ამავე კვლევაში ვკითხულობთ, რომ იმპორტზე ძლიერი დამოკიდებულების გამო, სარემონტო მასალების ფასი გაიზარდა, თუმცა გლობალური ფაქტორების მიხედვით მერყევი იყო. ამის საპირისპიროდ, სამშენებლო მასალების ფასი საანგარიშო პერიოდში უფრო სტაბილურად და თანმიმდევრულად იზრდებოდა. დასკვნის სახით კვლევითი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ როგორც სამშენებლო, ისე სარემონტო მასალაზე მოთხოვნა მზარდია, რაც მშენებლობის ზრდამ გამოიწვია. ასევე, რეკორდულად გაცემული სამშენებლო ნებართვებისა და უძრავი ქონების გაყიდვების მიხედვით, კვლევის ავტორები მოელიან, რომ სამშენებლო და სარემონტო მასალებზე მოთხოვნის ზრდა გაგრძელება.