ვინ იქნება შემდეგი პოლიტიკოსი, რომელსაც „ქართული ოცნება“ დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე დაიბარებს - ეს შეკითხვა მეტად აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა და „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე საუბრისას, კონკრეტული პირების სახელები წარმოთქვეს. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციას მკაფიო პოზიცია აქვს - ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ დროებით საგამოძიებო კომისიას პოლიტიკური რეპრესიების მიზნით იყენებს. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ, შესაძლოა, გაფართოვდეს იმ ადამიანთა ჩამონათვალი, რომელთაც საპარლამენტო უმრავლესობა საგამოძიებო კომისიაზე დაიბარებს, ხოლო კომისიაზე არ გამოცხადების შემთხვევაში კონკრეტულ სამართლებრივ ზომებს მიმართავს.