ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ერევანში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკომისიამ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ამასთანავე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ევროკავშირი დღეს ოფიციალურად შეთანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სექტორული სანქციების გახანგრძლივებაზე. მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას, რათა აიძულოს ის, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი დაასრულოს. ასევე, კალასმა სომხეთსა და აზერბაიჯანზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ევროკავშირის ინტერესებშია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდეს, რადგან ეს ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის კავშირის დამყარებისთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს რუსეთის ჰიბრიდული აქტივობები მის მეზობელ ქვეყნებში.