აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 45 დღით დაიკეტება. როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ითქვა, რეაბილიტაციის პროექტი კომპანია „პრობილდ ექსპერტმა“ მოამზადა, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით. მოგეხსენებათ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოები გარკვეული ვადით შეფერხდა, რისი მიზეზიც, სადგურის მოსაცდელი ბაქნის ჭერზე რკინა-ბეტონის თაღის კონსტრუქციის მდგრადობის დამატებითი კვლევების აუცილებლობა გახდა. კვლევების ფარგლებში მოხდა მოსაცდელი დარბაზის რკინა-ბეტონის თაღის მთელ ზედაპირზე ბეტონისა და არმატურის მდგომარეობის ლაბორატორიული შესწავლა; თაღის მიღმა სივრცეების სრული გეო-ტექნიკური სკანირება; საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრი დეტალების მდგომარეობის შესწავლა და სხვა. სადგურის მთლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ნოემბერ-დეკემბერშია დაგეგმილი. როგორც მერიაში ამბობენ, პროექტით განსაზღვრულია საკმაოდ მოცულობითი სამუშაოების ჩატარდება სპეციალური ტექნოლოგიური პროცესის დაცვით, რომელთა განხორციელებაც მგზავრების მოძრაობის პირობებში შეუძლებელია. შესაბამისად, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან, უსაფრთხოების მიზნით 45 დღით დაიკეტება. შემდეგ კი დაიწყება მოპირკეთების სამუშაოები.