დაგეგმილია თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის შენობის სრულყოფილი რეაბილიტაცია, მისი ადაპტაცია თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებთან, და შესაბამისი საინჟინრო სისტემების ინტეგრაცია - Palitra News

დაგეგმილია თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის შენობის სრულყოფილი რეაბილიტაცია, მისი ადაპტაცია თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებთან, და შესაბამისი საინჟინრო სისტემების ინტეგრაცია

2025-07-01 13:57:02+04:00

როგორც აღმოჩნდა, მერიას დიდი სარეაბილიტაციო გეგმები აქვს. ცნობილი ხდება, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციასაც გეგმავს. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ბაზრის კვლევიდან ირკევევა, რომ დაგეგმილია თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის შენობის სრულყოფილი რეაბილიტაცია, მისი ადაპტაცია თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებთან, და შესაბამისი საინჟინრო სისტემების ინტეგრაცია. რეაბილიტაციის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შენობის თავდაპირველი არქიტექტურული სახის შენარჩუნებასა და აღდგენას. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს რესურსების ეფექტური გამოყენება და თანამედროვე საინჟინრო და ტექნოლოგიური სისტემების ინტეგრაცია, რაც ხელს შეუწყობს საკონცერტო დარბაზის გამართულ ფუნქციონირებას; ეფექტური ფუნქციური განაწილება ისე უნდა მოხდეს, რომ შესაძლებელი იყოს საკონცერტო ღონისძიებების, ლექციებისა და სხვა კულტურული აქტივობების დაგეგმვა“, ასეთია ტექნიკური დავალების მოკლე აღწერა. ამასთანავე, ირკვევა, რომ საკონცერტო დარბაზი არ არის მორგებული თანამედროვე კონცეფციას და მისი აკუსტიკა შემუშავებული იყო ორკესტრული მუსიკისათვის იმ პერიოდში, როდესაც ხმამაღლამოლაპარაკე გახმოვანების სისტემები არ არსებობდა. დოკუმენტების თანახმად, რეაბილიტაციის შემდეგ აკუსტიკამ უნდა დააკმაყოფილოს ცოცხალი, საგუნდო, საკონცერტო და ელექტრონული მუსიკის კარგად ჟღერადობისთვის საჭირო პირობები. პრეტენდენტებმა მუნიციპალური განვითარების ფონდს წინადადება 2025 წლის 4 ივლისამდე უნდა წარუდგინონ. თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი წლების განმავლობაში კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო. თუმცა 2024 წლის აგვისტოში მთავრობის განკარგულებით სამინისტროს მართვის უფლება ჩამოერთვა და მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცა. მანამდე კულტურის სამინისტროს ჩამოერთვა „ბლექ სი არენას“ მართვის უფლებაც და მთავრობას გადაეცა. შედეგად მოხდა „ბლექ სი არენას“ და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის ორგანიზაციული შერწყმა, რომელსაც ამ დროისთვის შპს სთარინგ ჯორჯია ახორციელებს. ამ უკანასკნელის 100%-იანი წილის მფლობელი კი სახელმწიფოა. ცნობისათვის, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი 1971 წელს გაიხსნა.