ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვებიც გაიზარდა და ფასიც.
„ქოლიერსის“ განახლებული მონაცემებით, მაისში ზღვისპირა ქალაქში 1 354 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 8.9%-იან ზრდაზე მეტყველებს. რაც შეეხება ფასს, მაისში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 197 დოლარი იყო, ეს კი მაშინ, როცა წინა წლის იმავე პერიოდში სარეალიზაციო ფასი საშუალოდ 998 დოლარს შეადგენდა. კვლევის მიხედვით, მაისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა ბათუმში 10.1%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 3.7%-იანი კლება ფიქსირდება. ამასთანავე, ძველი ბინების შემთხვევაში 1 კვ.მ-ის საშუალოდ ფასი 1 125 დოლარი იყო, ახლის კი 1 203 დოლარი. „ქოლიერსის“ შეფასებით, ფასის ზრდა ძირითადად გამოწვეულია პირველადი ბაზრით, სადაც საშუალო შეწონილი ფასი 23.6%-ით გაიზარდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას. ამასთანავე, მაისში უძრავი ქონების ბაზრის ზომა ბათუმში 23.7%-ით 76 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.