რეკორდულმა ფასებმა ოქროს სამკაულზე მოთხოვნა შეამცირა. „გალთ ენდ თაგარტი“ ბაზრის მიმოხილვას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ
ამ წლის მეორე კვარტალში მსოფლიო ბაზრებზე ოქროს ფასი 5.7%-ით გაიზარდა, რაც მისი როგორც უსაფრთხო აქტივის სტატუსს კიდევ უფრო ამყარებს. პუბლიკაციის თანახმად, აპრილის დასაწყისში ოქროს ფასმა ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და ერთ უნციაზე 3,500 დოლარს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ ფასის მცირედი კორექცია მოხდა, ივნისში ის კვლავ მაღალ ნიშნულზე - 3,200-3,300 დოლარის დიაპაზონში ივაჭრებოდა. ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად კვლევის ავტორები ცენტრალური ბანკების მხრიდან ძლიერ მოთხოვნას ასახელებენ. ვარაუდობენ, რომ რეზერვების დივერსიფიკაციის ტრენდი კვლავ გრძელდება და 2025 წელი, როგორც ჩანს, ზედიზედ მე-4 წელი იქნება, როდესაც ცენტრალური ბანკები 1 000 ტონაზე მეტ ოქროს შეიძენენ. ამას ხელს უწყობს დედოლარიზაციის მოთხოვნა და გეოპოლიტიკური რისკების ჰეჯირება. კვლევის მიხედვით, ოქროს ფასის ზრდის პარალელურად, შემცირდა ძვირფასი მეტალის სამკაულებზე მოთხოვნა. კვლევის ავტორები პროგნოზირებენ, რომ რეკორდული ფასისა და ოქროს ნაწარმზე შემცირებული მოთხოვნის გამო გლობალურად სამკაულის წარმოება სავარაუდოდ მიმდინარე წელს 16%-ით შემცირდება, თუმცა, ეს კლება სრულად კომპენსირდება ინვესტორებისა და ცენტრალური ბანკების მხრიდან გაძლიერებული მოთხოვნით საინვესტიციო ოქროზე. ბოლო მონაცემებით, გლობალურ ბაზრზე ერთი უნცია ოქროს ფასი 3300 დოლარს აჭარბებს