რუსული მედია - რუსეთში გაუჩინარებული სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს - წინასწარი მონაცემებით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა - Palitra News

რუსული მედია - რუსეთში გაუჩინარებული სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს - წინასწარი მონაცემებით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა

2025-07-24 11:26:25+04:00

რუსეთში გაუჩინარებული „ან-24“ ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის ამურის ოლქის სამოქალაქო თავდაცვის ცენტრის ცნობით, „ან-24“ ტიპის თვითმფრინავის ნამსხვრევები ტინდადან 16 კილომეტრში, მთის ფერდობზე იპოვეს.

„ძებნის დროს „როსავიაციის“ „მი-8“ ტიპის ვერტმფრენმა თვითმფრინავის ფიუზელაჟი აღმოაჩინა, რომელსაც ცეცხლი უკიდია. ინციდენტის ადგილზე მაშველები მუშაობენ“, - აცხადებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, ამურის რეგიონში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.

შეგახსენებთ, „ან-24“ ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ამურის ოლქში დღეს დილით მაშინ გაუჩინარდა, როდესაც ხაბაროვსკი-ბლაგოვეშჩინსკი-ტინდას რეისს ახორციელებდა.

თვითმფრინავის ბორტზე 43 მგზავრი, მათ შორის 5 ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.